დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რეფორმების გატარებასა და ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირს "კარი მიუჯახუნა".
"თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც უნდა ევროკავშირთან დაახლოება და შესაბამისად ატარებ შეთანხმებულ (შენთვის სასარგებლო) დემოკრატიულ რეფორმებს, ევროკავშირი გეუბნება მოგცემ ფულს, სხვადასხვა ფორმით. ხან გჩუქნის, ხან შეღავათიან სესხს გაძლევს, ხან რას და ხან რას. და ეს ყველაფერი არის გზა ევროკავშირისკენ და უკეთესი სახელმწიფოს შექმნისკენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაძლევდნენ უპროცენტო, გრძელვადიან, შეღავათიან სესხს, ოღონდ არ მოგვატყუოთ და დაპირებული რეფორმა, უპირველესად მართლმსაჯულების გააკეთეთო", - წერს ფეისბუქზე ელენე ხოშტარია.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის განცხადებებით სესხის არმიღებასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს მოაკლდებათ ამ ფულით მიღებული სიკეთე და ყველა პოტენციური დახმარება:
"რადგან ერთზე უარის თქმა, მთლიანად პროცესის შეფერხებაა".
ამასთან, ხოშტარია ამბობს, რომ დახმარებაზე უარის თქმით, პრემიერმა ევროკავშირსა, დემოკრატიასა და რეფორმებს "კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი":
"აი, ასეთი ნაბიჯებით, თითქოს ბევრისთვის შეუმჩნევლითა და ეპიზოდურით, რეალურად, ვწყდებით ევროკავშირს, დასავლეთს და ეს ავტომატურად ნიშნავს ვუახლოვდებით მოძალადე, ოკუპანტ რუსეთს".
ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართულმა ოცნებამ ახალი მესიჯბოქსი მოიფიქრა.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება "თავს იკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება".
რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ 23 აგვისტოს, ტვიტერზე დაპოსტა.
30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი".
ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო, მეორე ნაწილის გადმორიცხვა კი 2021 წლის ბოლოს უნდა მოხდეს.
23 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.
"მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით".- თქვა შარლ მიშელმა.